ბაგრატის ტაძარი

Posted: May 17, 2011 in ქუთაისი

bagratis tadzari kutaisiბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.).
იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო.
XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები. მათივე ცნობით, ტაძარი დამშვენებული ყოფილა ოქრო-ვერცხლის, იაგუნდისა და სხვა ძვირფასი სამკაულებით მოჭედილი მრავალი უძვირფასესი ხატით. რუსი ელჩები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი ამალითურთ დასავლეთის პატრონიკეზე, ე.ი. მეორე სართულზე იმყოფებოდნენ და წირვას ისმენდნენ.

ისინი ეკლესიაში მყოფებს ხედავდნენ, ამ უკანასკნელთათვის კი დაფარულნი იყვნენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს. 1770 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა ციხე დაიბრუნა და ბაგრატის ტაძარი ოსმალებისგან გაათავისუფლა, მაგრამ ბრძოლების დროს ძველ დაზიანებებს ახალიც დაემატა. ხოლო მისი აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ტაძრის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭე უვნებლად მდგარა. ამას მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. დღეს კი ისიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
1952 წლიდან ვახტანგ ცინცაძის მიერ ტაძრის თავდაპირველი სახის გრაფიკული რესტავრაციის პროექტის მიხედვით წარმოებს მისი აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.
1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს, მსოფლიოს კულტურული საგანძურის სიაშია.
2009 წლის აგვისტოში ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგრატის ტაძარში, დასავლეთ კარიბჭის შიგნით, სამარხი აღმოაჩინა, რომელშიც დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები იყო ჩატანებული.
სამარხი ჩვ.წელთაღრიცხვით VIII-IX საუკუნით თარიღდება. ის, სავარაუდოდ, საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს. პროექტმა, რომლის ავტორია ივანე გრემელაშვილი, საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც იტალიელმა ინჟინერმა და არქიტექტორმა სილვიო კალვიმ თავის სტატიაში ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა აღწერა. მისი თქმით, ძეგლზე სარეკუნსტრუქციო სამუშაოები იუნესკოსთან პროექტის შეუთანხმებლად დაიწყო და უშუალოდ ამ სამუშაოებს წინ არ უძღოდა ფართომასშტაბიანი კვლევა. სპეციალისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ, რადგან მათი აზრით, ტაძარზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ვნებს, შენდება სრულიად არატრადიციული, რკინა-ბეტონის შენობა.
სპეციალისტთა ნაწილი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ისინი ფიქრობენ, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელია. ამჟამად ხორციელდება ყველაზე სუსტი და მიწისძვრის დროს გამორღვეული ნაწილების შევსება იმავე კარიერიდან აღებული ქვით და აგრეთვე, ოთხი საყრდენის ამოყვანა. ეს კი ძეგლის ვიზუალურ მხარეზე დიდ გავლენას არ იქონიებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s